English / ქართული / русский /
ზურაბ წერეთელი
ინოვაციური საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრობლემები და პესპექტივები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ინოვაციური საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება ინოვაციური საქმიანობის განხორციელებისას თანამედროვე ბიზნესში. ასევე მოცემულია ინოვაციის, ინოვაციური საქმიანობის, ტექნოლოგიური ინოვაციისა და ინოვაციური ბიზნესის ცნებები. ჩამოთვლილია ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ინოვაციური საქმიანობის რეალიზაციას ინოვაციურ ბიზნესში. მითითებულია ინოვაციური საქმიანობის მნიშვნელობასა და როლზე ახალი სახის პროდუქტის, საქონლის გამოშვებასა და ინოვაციური ბიზნესის განვითარების საქმეში. წარმოდგენილია ინოვაციური საქმიანობის განხორციელების პერსპექტივები და რეკომენდაციები საქართველოში. ნაშრომი შედგება: ანოტაციისაგან, საკვანძო სიტყვებისაგან, შესავალისაგან, ძირითადი ნაწილისაგან, დასკვნისა და ლიტერატურისაგან.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციები;  ტექნოლოგიური ინოვაცია; ინოვაციური საქმიანობა; ინოვაციური საქმიანობის პრობლემებიინვესტიცია ძირითად აქტივებში.

შესავალი

ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციურ გზაზე გადასვლა მოითხოვს ყველა ეკონომიკური სუბიექტების მიერ, ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაციაში, მიმდინარე ცვლილებების არსისა და თავიანთი როლის ნათლად გაცნობიერებას. ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ტრანსფორმაციის მასშტაბები სახელმწიფოს, კერძო ბიზნესის, სამეცნიერო საზოგადოებისა და საჯარო დაწესებულებების ინოვაციური საქმიანობის პირდაპირპროპორციულია. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინოვაციური აქტივობების განხორციელების არსის და მექანიზმის შესწავლა, ინოვაციებზე ორიენტირებული სპეციალისტების მომზადებისთვის, განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. მათ უნდა:

• იცოდნენ საწარმოს ინოვაციური საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური საფუძვლები, ინოვაციური საქმიანობის განვითარების გლობალური ტენდენციები, ინოვაციური ინფრასტრუქტურა, ინოვაციური საქმიანობის ხარჯების გაანგარიშების მეთოდები, ტექნოლოგიური დანერგვის პროგრამის შინაარსი  და პროდუქტის ინოვაციები.

• შეეძლოს გლობალური, რეგიონული საინოვაციო პროცესების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და დოკუმენტირება, საწარმოს საინოვაციო პოლიტიკის ფორმირებისთვის იურიდიული და პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენება, საწარმოს ინოვაციების ბაზარზე გამოყვანის სამუშაოების განხორციელება, ტექნოლოგიური დანერგვის პროგრამის შემუშავება და საწარმოს ინოვაციური საქმიანობის ინდექსის გაანგარიშება საფონდო ბაზარზე.

თანამედროვე საზოგადოებაში ინოვაციური საქმიანობა ცხოვრების ყველა სფეროში ცვლილებებზე ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი საშუალება ხდება.

მოსახლეობის  ზრდის  შესაბამისად,  ადამიანთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაში სულ უფრო იზრდება მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების, ტექნოლოგიური ინოვაციების როლი, რადგან ისინი არსებითად ცვლიან მსოფლიოში ბიზნესის სტაბილურ განვითარებას და უზრუნველყოფენ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას. ინოვაციები ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ინოვაცია პრაქტიკაში აღიქმება როგორც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გარდასახვა რეალურ ახალ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებში და გულისხმობს შემოქმედებითი (ინტელექტუალური) საქმიანობის შედეგად მიღებული სიახლის პრაქტიკულ გამოყენებას. ინოვაციური პროცესი, როგორც ერთიანი სისტემა, საწარმოო-ტექნოლოგიური, ორგანიზაციული და სოციალურ-ეკონომიკური ერთიანობით ხასიათდება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში  ინოვაციების გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი და მძლავრი აღმავლობა. ამას ადასტურებს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მაგალითი, რომელთაც თავიანთი სიძლიერე რადიკალური ინოვაციების საფუძველზე მოიპოვეს. ასე მაგალითად, ინგლისისთვის ეს იყო ინდუსტრიული მანქანა და აქტიური ქვეყანათაშორისი ვაჭრობა, ამერიკისთვის – ფორდის კონვეიერი და ყოვლისმომცველი ინფორმატიზაცია, იაპონიისთვის – მაგნიტოფონი „სონი” და ხარისხის უმკაცრესი კონტროლი. იაპონური კორპორაციები  წარმოადგენენ  მსოფლიო ლიდერებს ინოვაციების თვალსაზრისით. მათი გამოშვებული მანქანები ყველაზე ეკონომიურია მსოფლიოში საწვავის მოხმარების მიზნით, ხოლო საყოფაცხოვრებო ტექნიკა  –  ყველაზე ეკონომიური  ელექტროენერგიის თვალსაზრისით.  ეს კი ინოვაციის შედეგია. 

* * *

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს განვითარების ინოვაციური გზა. ინოვაციები იძენს სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის, როგორც მიკროეკონომიკურ, ასევე მაკროეკონომიკურ დონეზე. ის მთავარი საშუალებაა პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და მთლიან ბაზარზე საწარმოების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულთან ერთად ინოვაციები ახალი ტექნოლოგიებისა  და  პროდუქტის  შექმნაზეა  ორიენტირებული და შესაბამისად, შეუძლებელია ახალ ეკონომიკაში გადარჩენა მის გარეშე. საწარმოების ინოვაციური საქმიანობა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენაა მიმართული და მისი მამოძრავებელი ძალაა.

ინოვაციური საქმიანობა აქამდე არასდროს ყოფილა  ისეთი აქტუალური როგორც დღეს არის. ინოვაციური საქმიანობის  განხორციელების შედეგად დასაბამი მიეცა ახალ ტექნოლოგიებს,  ახალი  სახის საქონლის გამოშვებას, ახალ და სრულყოფილ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კომპიუტერულ და რობოტიზებულ სისტემებს, მოდერნიზებულ მენეჯმენტს და ა.შ.

ინოვაციური საქმიანობის გამოკვლევა განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან გააქტიურდა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ი. შუმპეტერმა. ინოვაციური სფეროს ფუნქციური დანიშნულება მან ასე ჩამოაყალიბა:

  • ინოვაციების პოტენციურ მომხმარებელთა ანალიზი;
  • პერსპექტიული იდეებისა და ფუნქციონირების წყაროების ძიება;
  • სიახლეების შექმნისა და დანერგვის ორგანიზაცია;
  • სიახლეების გავრცელება და მხარდაჭერა.

ინოვაციური საქმიანობის დროს ხდება მიზნის, საქმიანობის ხერხის არჩევა და მასზე კონტროლის დამყარება. ინოვაციური საქმიანობის მახასიათებლებია ინოვაციური ციკლი და სიცოცხლისუნარიანობის ციკლი. ინოვაციური პროდუქტის თავისებურება ისაა, რომ იგი არ ემორჩილება საბაზრო ეკონომიკის ზოგიერთ კანონს.  ინოვაცური პროდუქცია შეიძლება იყოს ახალი ტექნიკა, ტექნოლოგიები, ეკონომიკური მექანიზმები, მენეჯმენტის სრულყოფის მეთოდები და ფორმები, კომპიუტერული პროგრამები, ბიზნესგეგმები, პროგნოზული გაანგარიშებები და სხვა. ფირმაში ინოვაციური საქმიანობა მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით:

  • § მოწყობილობის შედგენილობის განახლება;
  • § მოწყობილობის ერთეული სიმძლავრის გადიდება;
  • § შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა;
  • § გამოყენებული ნედლეულისა და მასალების ეკონომია;
  • § გამოსაშვები პროდუქციის განახლება.

ინოვაციური საქმიანობის სუბიექტები შეიძლება დახელოვნდნენ სპეციალობაში მეურნეობის დარგების მიხედვით (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და სხვა), საქმიანობის დარგების მიხედვით (ტექნიკური, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი, საბუნებისმეტყველო). მათ შეიძლება ჰქონდეთ საწარმოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა); შეიძლება იყვნენ დროებითი ან მუდმივი, იურიდიულად დამოუკიდებელნი ან დამოკიდებულნი. სიდიდის მიხედვით: მცირე, საშუალო და მსხვილი  (გ. ერქომაიშვილი, ე.ხარაიშვილი, 2011).

ინოვაცია მიიღება ლათინური სიტყვიდან ”Innareare” და ემყარება განახლებას. ეკონომიკური თვალსაზრისით, ინოვაცია არის რაღაც ახალი, რაც სარგებელს მოუტანს საწარმოს ან მთლიანად საზოგადოებას.

ნებისმიერი   სახის  ინოვაციური  საქმიანობა, რომელიც წარმატებული ბიზნესიის საფუძველს წარმოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერასა და წახალისებას საჭიროებს. დასავლეთის ქვეყნებში ამას ახორციელებენ (მაგ., აშშ, ისრაელი, იაპონია. აქ არსებობენ მთელი რიგი ორგანიზაციები,  ცენტრალურ  და კომერციულ  ბანკებთან  და სადაზღვევო  ფონდებთან ერთად, რომლებიც  მხარს უჭერენ ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას).

ინოვაციური ბიზნესი მიმზიდველია,  რადგან იგი აუმჯობესებს მეწარმეობის  ყველა  სფეროს საქმიანობას, ორიენტირებულია მომხმარებელთა კონკრეტულ მოთხოვნილებაზე და აქვს შეჯიბრებითი  ხასიათი. იგი კაპიტალტევადი პროცესია. მისი დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს როგორც საკუთარი, ისე მოზიდული და ნასესხები. ინოვაციების ეფექტიანობა ინვესტიციების პორტფელის  ოპტიმალურად  შედგენაზეა დამოკიდებული, რის გამოც  საწარმოებს ამ წყაროების გონივრულად  კომბინირება  უწევთ. მსხვილ კორპორაციებს აქვთ იმის მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობები და ჰყავთ იმ დონის კვალიფიკაციური პერსონალი, რომ უზრუნველყონ  ინოვაციური პროცესის უწყვეტობა და ლიდერობა საკუთარ და მსოფლიო ბაზარზე.

ინოვაციური  საქმიანობაა  „ვენჩური”.  მას  რისკიან ბიზნესს უწოდებენ. „ვენჩური,” ერთი მხრივ,  გამოხატავს საწარმოს, ხოლო, მეორე მხრივ, რისკს.  მისი  ასეთი ორმაგი გაგება სიმბოლურია, რამდენადაც სახსრების გარკვეული რაოდენობა ჩაიდება არც ისე ცნობილ საწარმოში, რაც  ბუნებრივია ძალიან მაღალი რისკის  შემცველია. თავის მხრივ, ახალი კომპანიის დასაფინანსებლად  ხდება კაპიტალის მოზიდვა არა ბიუჯეტიდან, არამედ კერძო მეწარმისგან. ძირითადი მიზანი ვენჩურული დაფინანსებისა, მდგომარეობს იმაში, რომ ერთი, მეწარმის კაპიტალი   და  მეორე, მეწარმის ინტელექტუალური კაპიტალის რეალურ სფეროში გაერთიანების შედეგად მიღებული იქნეს მოგება.

„ინოვაცია”   ყველა  ფირმის  წარმატების ნიშანია,  ინოვაცია  შეიძლება  ვუწოდოთ,  როგორც ბიზნესის წარმოების პროცესის გაუმჯობესების ცალკეულ წინადადებას, ასევე  იმ ახალ პროდუქციას, რომელიც  ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.  შესაბამისად,  ინოვაცია გაზომვადი სასიცოცხლო ციკლის საწყის და საბოლოო წერტილს შორის არსებობს. აქედან გამომდინარე, ის ფირმები არიან წარმატებულნი, რომლებიც თავიანთი საქმიანობის ყველა ეტაპზე ინოვაციის დანერგვისაკენ მიისწრაფიან. როდესაც მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ტემპი მუდმივად მზარდია, ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლისათვის ინოვაცია სასიცოცხლო  მნიშვნელობას  იძენს.

ინოვაციებსა და მათ გამომწვევ ფაქტორებს სულ უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ კონცეფციებში, ხოლო ინოვაციური  საქმიანობის გააქტიურება დღეს ყველა ქვეყნისა და მთლიანად მსოფლიო ბიზნესების განვითარების მასტიმულირებელ ფაქტორად იქცა. თანამედროვე  ეტაპზე სულ უფრო იზრდება სამეცნიერო კვლევით სამუშაოებზე გაწეული ხარჯები, ვითარდება მსოფლიო ეკონომიკის მაღალტექნოლოგიური სექტორი, ყალიბდება კომპანიების ახალი ტექნოლოგიური საფუძვლები.

ინვესტიციები ინოვაციებში უაღრესად აქტუალური პრობლემაა, რადგან ინოვაციურ პროექტებში  ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია დაბანდებათა გრძელვადიანი ხასიათისა და პირველ ეტაპებზე უკუგების არარსებობის გამო, აგრეთვე იმის რისკით, რომ ეს ინვესტიციები  შეიძლება  საერთოდ  უშედეგო  აღმოჩნდეს.  ვენჩურული ბიზნესი გულისხმობს ახალი იდეების, პროგრესული სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავებების დაფინანსებასა და მათ დაყვანას გაყიდვისთვის მიზანშეწონილ დონემდე, ანუ კომერციალიზაციას. ვენჩურული ბიზნესი საჭიროებს დიდ ცოდნას, დიდ ფულსა და დიდ შრომას, მაგრამ წარმატების შემთხვევაში იგი უზარმაზარი მოგების მომტანია. ვენჩურულმა ბიზნესმა დაანგრია სტერეოტიპი, რომ მსოფლიოში  ყველაზე მომგებიანი  და რისკიანი  ბიზნესია  ნავთობის, იარაღისა და ნარკოტიკის ბიზნესი.

ვენჩურული ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ცენტრალურ კალიფორნიაში შექმნილმა „სილიკონის ველმა“ ითამაშა. „სილიკონის ველში“ 1950 წელს 300 ათასზე   ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა. ეს ადგილი ხილის ბაღებით იყო ცნობილი, რომელთაც   ადგილობრივი ფერმერებისთვის 65 მლნ დოლარის შემოსავალი მოჰქონდათ. ინტენსიური მებაღეობის  შედეგად  ცენტრალური  კალიფორნია XX საუკუნის 50-იან წლებში აშშ-ის სწრაფად მზარდი რეგიონების ათეულში შედიოდა. აქ იკრიფებოდა შავი ქლიავის მსოფლიო მოსავლის დაახლებით 1/3. „სილიკონის ველის” ჩამოყალიბებაში პრინციპული როლი ამ ტერიტორიაზე მდებარე სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტმა ითამაშა. მისი „პირველი საპატიო მამა” გამოჩენილი ელექტროტექნიკოსი პროფ. ფრედერიკ თერმანია (XX საუკუნის 50-იანი წლების  დასაწყისში ფრედერიკ  თერმანი  სტენდფორდის უნივერსიტეტის რექტორი გახდა და „სილიკონის ველის” ჩამოყალიბებაში აქტიური როლი ითამაშა). რთულია, წარმოვიდგინოთ თანამედროვე ცივილიზაცია მის გარეშე. ეს არის ნახევარგამტარებზე დაფუძნებული მიკროელექტრონიკის ინდუსტრიის სამშობლო. ეს რეგიონი წლების განმავლობაში იქცა მსოფლიოს უდიდესი  ტექნოლოგიური კორპორაციებისა და სტარტაპების სამშობლოდ. თავად ტერმინი („სილიკონის ველის”) ამ რეგიონში სილიკონისაგან დამზადებული ჩიპების გამომგონებლებისა და მწარმოებელთა დიდმა რაოდენობამ  წარმოშვა. დღეისათვის ის ამერიკის მაღალტექ­ნოლოგიური სექტორის სინონიმად იქცა.

ფართო გაგებით „სილიკონის ველი” (ტექნოპარკი, სამეცნიერო პარკი, მაღალი ტექნოლოგიების პარკი, სამეცნიერო-ტექნოლოგიური ზონა, ინდუსტრიული პარკი, ინოქალაქი, ტექნოპოლისი და ა.შ.) არის მაღალტექნოლოგიური ზონა, სადაც  კონცენტრირებულია მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ობიექტები. ეს არის ინოვაციური კომპანიების აგლომერაცია, რომლებიც განთავსებულია მსხვილ უნივერსიტეტებთან და კვლევით ლაბორატორიებთან. ეს ყველაფერი  ერთად იძლევა ინოვაცური ბიზნესის განვითარების საშუალებას, რაც ადამიანთა მომავალი წარმატებული ცხოვრების აუცილებელი პირობაა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და, ზოგადად, მთელ მსოფლიოში, უამრავი მაღალტექნოლოგიებზე  დაფუძნებული ეკონომიკური   ცენტრი  წარმოიშვა,  სილიკონის ველი მუდამ რჩება ტექნოლოგიური ინოვაციების მთავარ ძალად.

დღეისათვის, მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანებისათვის, „სილიკონის ველზე” განთავსება სტრატეგიულ მიზნად იქცა. გარდა იმისა, რომ აქ მიიღება მსოფლიოში  უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური გამოგონებები, სილიკონის ველი ცნობილია ინკუბატორებისა და ბიზნესის ხელმშემწყობი  დამაჩქარებლების დიდი რაოდენობით.

ინოვაციური ბიზნესისათვის დამახასიათებელია შემდეგი სპეციფიკური თავისებურებები: 1. კაპიტალდაბანდებათა ობიექტების როლში სარისკო პროექტების წარმოდგენა; 2. კაპიტალის პორტფელური მართვა; 3. სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილის დაბანდება ინოვაციური ფირმის საწესდებო კაპიტალში; 4. ვენჩურული კაპიტალისტის აქტიური მონაწილეობა პროექტის მართვაში ან მის მიერ საიმედო კონტროლის  უზრუნველყოფა; 5. პროექტის  სიმწიფის ფაზაში ბიზნესიდან ვენჩურული  კაპიტალისტის წინასწარ განსაზღვრული გამოსვლა.

საქართველოში ბიზნესის ეს სახეობა ჯერჯერობით ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან, არ გაგვაჩნია ახალ ტექნოლოგიებთან და სარისკო ინვესტიციებთან მუშაობის გამოცდილება და განვითარებული საფონდო ბაზარი. ვენჩურული ბიზნესის მთავარი პირობა კი  განვითარებული   საფონდო ბაზარია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ვენჩურული კაპიტალისტის მუშაობის მთავარი პრინციპი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ვენჩურული ბიზნესის განვითარების   კარგი პერსპექტივები გააჩნია.

საქართველოს, როგორც ადამიანისეული კაპიტალით მდიდარ ქვეყანას, გააჩნია ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი რესურსი, რომლის გონივრული გამოყენებით შესაძლებელია სერიოზული აღმავლობა. უკვე დღეს საჭიროა იმის გაგება, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორი ადამიანისეული კაპიტალით უნდა განისაზღვროს. საქართველოს  სჭირდება  ისეთი  ეროვნული  პოლიტიკა,  რომელიც განაპირობებს  მძლავრი ინოვაციური  სექტორის ჩამოყალიბებას. ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო ბაზარზე თავისი ღირსეული  ადგილი სწორედ ამ სექტორით უნდა დაიმკვიდროს.

საქართველოს საწარმოებში ინოვაციების მიზერული რაოდენობის მიზეზია ფულადი სახსრების პერიოდული უკმარისობა, რის გამოც შემოსული თანხებით ფარავენ მიმდინარე ხარჯებს და განვითარებას ვერ აფინანსებენ.

ამ მიზეზების დასაძლევად სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს თანამედროვე მსოფლიოში განვითარებული ტენდენციები, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაზე და მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ტენდენციებია:

1.    ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა;

2.    ეკონომიკაში ინოვაციებზე მოთხოვნის გაზრდა;

3.    ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარება;

4.    გლობალურ ინოვაციურ სისტემაში ეფექტიანი ინტეგრაცია.

ამ ტენდენციებზე დაყრდნობით და ინოვაციური ეკონომიკის წარმატებით ფორმირებისათვის მეცნიერული  და  ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების კომ­პლექსის შემუშავება და რეალიზება, რაც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ინოვაციურ პოლიტიკას, იგი  მიმართული უნდა იყოს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტაზე, ესენია:

  • ეროვნული ინოვაციური სისტემის შექმნა, რომელსაც შეეძლება ინოვაციების მასობრივი ათვისება;
  • სახელმწიფო ორგანოების ფორმირება, რომლებიც განახორციელებენ ინოვაციური საქმიანობის კოორდინაციას. მართალია, ამ მიმართებით საქართველოში შექმნილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან,  და  კვლევებისა  და  ინოვაციების საბჭო,  მაგრამ სასურველი იქნებოდა შექმნილიყო ერთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მთავრობის წინაშე ეკონომიკის ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე;
  •  მეცნიერულ-ტექნიკური  და  ინოვაციური  საქმიანობის  სახელმწიფო  მხარდაჭერის  სხვადასხვა ფორმის შემუშავება და რეალიზაცია;
  • მეცნიერების ფუნდამენტური და გამოყენებითი სექტორების შენარჩუნებისა და დაბალანსებული განვითარებისათვის ღონისძიებების კომპლექსის შემუშავება;
  •  პირობების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეცნიერულ-ტექნიკური, ინოვაციური მეწარმეობის დაჩქარებულ განვითარებას;
  • მთლიანი ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა;
  • მეცნიერებისა  და  ტექნიკის  მოწინავე  მიღწევების  ბაზაზე  ბიზნესის  მოდერნიზაციის  ღონისძიებების რეალიზაცია.

ჩამოთვლილი პრობლემებისა და შემაფერხებელი ფაქტორების მიუხედავად, საქართველოში ბევრი რამ კეთდება ინოვაციების შემუშავებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და მათი დანერგვისათვის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მაგალითად: თბილისის მახლობლად, დაბა ოქროყანაში, გაიხსნა საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი, მას ზედამხედველობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უწევს. ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებულია მცირე ინკუბატორები, სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები, საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგცენტრები და საგამოფენო ოთახები, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია. ტექნოპარკის დანიშნულებაა ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, ახალი გამოგონებების ხელშეწყობა და ორიგინალურ იდეათა პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს, რომლის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკმა 2016 წლის 18 მარტს 40 მლნ დოლარი გამოყო [ ].

სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიები შეიქმნა და იქმნება სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე და მუნიციპალიტეტებში; ხორციელდება მინი გრანტების პროგრამა და სხვა. საქართველოს ეკონომიკის განვითარების ინოვაციურ გზაზე გადასაყვანად მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. 

დასკვნა

ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია:

  • უპირველესად,  უნდა  ჩამოყალიბდეს ინტელექტუალური  საკუთრების სრულ­ყოფილი ბაზარი;
  • ამუშავდეს საფონდო ბაზარი და შეიქმნას ვენჩურული ფონდები;
  • გასათვალისწინებელია აშშ-ს გამოცდილების გაზიარება;
  • მიზანშეწონილია საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან შეიქმნას ბიზნესინ­კუბატორები, ტექნოპარკები, რომლებიც ვენჩურული ფირმების პროტოტიპები იქნებიან  და უზრუნველყოფენ ადამიანების დასაქმებას;
  • ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებისათვის უნდა გამოიძებნოს სათანადო სახსრები. სახელმწიფოსთან ერთად  ამ  პროცესში აქტიური მონაწილეობა  კერძო სექტორმა უნდა მიიღოს. უნდა ვიზრუნოთ, რომ დარგობრივი ინსტიტუტები გადაიქცეს კერძო კომპანიების საკუთრებად, მათი ბიზნესსქემების ნაწილად, რომელთა საქმიანობა ბაზრის მოთხოვნაზე იქნება ორიენტირებული. ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკა უნდა ავიყვანოთ ეროვნული იდეოლოგიის რანგში.
  • საინოვაციო საქმიანობის გააქტიურება, ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს სისტემატიური ზრუნვის საგნად უნდა იქცეს.
  • საქართველოს მთავრობამ  არ  უნდა  დაუშვას  „ტვინების  გადინება”, ახალგაზრდა,  პერსპექტიული  კადრების დაკარგვა.  ამისათვის  კი საჭიროა  სამეცნიერო ინფრა­სტრუქტურის  განვითარება  და  მაღალი  ხელფასები, რადგან  განვი­თარებული ქვეყნები ცდილობენ საუკეთესო მეცნიერების,  სპეციალისტების მიზიდვას და ასეთი სახით ინტელექტუალური კაპიტალის დაგროვებას. უფრო განვითარებული სამყაროს პროგრესი მიმდინარეობს „ასათვისებელი” ქვეყნების დეგრადაციის ხარჯზე. საქართველოს წინაშეც დგას ასეთი საშიშროება და მისი თავიდან აცილება პროგრესული ეკონომიკური პოლიტიკითაა შესაძლებელი. ამაში  კი თავისი  წვლილი  ვენჩურულმა ბიზნესმაც უნდა შეიტანოს;
  • მაღალი ინტელექტით გამორჩეული მეწარმეების მომზადება, მათთვის ტრენინგების ჩატარება და სხვა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ერქომაიშვილი გ., ხარაიშილი ე., (2011). ინოვაციები და პროდუქტის კონკურენტუნარიანობა. თბილისი, უნივერსალი. გვ.445.
  2. წერეთელი ზ., ინოვაციური ბიზნესის განვითარების პრობლემები და პესპექტივები საქართველოში.  XXI საუკუნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კონფერენციის მასალათა კრებული, თბილისი, 2021. გვ. 281.
  3. წერეთელი ზ., ბიზნესის განვითარების მენეჯმენტის პროგნოზირების პრობლემები და მეთოდები.  თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური მეცნიერება და ეკონომიკის პანდემიური პრობლემები: გამოწვევები, გადაჭრის გზები, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კონფერენციის მასალათა კრებული, თბილისი, 2020. გვ. 594.
  4. წერეთელი ზ.,  ბიზნესი, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების ბერკეტი და მასში არსებული პრობლემები. სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის პრობლემები. XXXII  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (09.11.2019). თბილისი: საერთაშორისო გამომცემლობა „პროგრესი“, 2019.  გვ. 45-46.
  5. მსოფლიო ბანკი. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს ინვესტირებას საქართველოს მომავალში და ინოვაციაზე და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. პრესრელიზი. ვაშინგტონი, 2018 წლის 18 მარტი. http://pubdocs.worldbank.org/ en/846991458317907954/ PR-Board-Approval-GENIE-March-016-Geo.pdf
  6. საქართველოს მთავრობა. კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.  მთავრობის  დადგენილება № 32.  3  თებერვალი,  2015  წელი.  https://www.matsne.gov.ge/ka/document/-view/2712487 
  7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანება №1-1/66. 5 მარტი, 2014 წელი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2269957 ;
  8. საქპატენტი. ოფიციალური ბიულეტენები №1-№16. http://www.sakpatenti.gov.ge/ka/ publications/?subject= OFFICIALBULLETINSOFINDUSTRIALPROPERTY
  9. Южная Корея и другие: 50 самых инновационных стран мира. https://dev.by/lenta/main/world-innovation-leaders
  10. Севастьянова А.Е. Формирование условий для инновационного развития регионов ресурсного типа//Москва: Журнал `Регион: экономика и социология~, 2016, № 1. С. 209-232.
  11. https://www.globalinnovationindex.org/
  12. https://dev.by/lenta/main/world-innovation-leaders